"უკვე მოფამფალებულები არიან" - ლადო აფხაზავა "ოცნებაზე"
"თითქოს ღრმად აქვთ ფესვები, ღრმად კი არა, უკვე მოფამფალებულები არიან" - ამის შესახებ მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ცოტანი არიან.
რა მდგომარეობაა იცი? - ყველას ხახვივით შერჩა ყველაფერი, აღარავის არაფერი აღარ შერჩება, თუ მე დავაშავე მეც დავისაჯო, ყველა, მაგრამ ქვეყნის ასეთი არევა... ძლიერები ვართო და პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაალაგა ხალხთან ურთიერთობა.
ვართ ძალიან ბევრნი, უბრალოდ ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს არ დაგაჯერონ. ახლა, ამ პერიოდში ყველაზე მსხვილ საკენკებს ყრის ხელისუფლება თითქოს ვერ მიდიან, თითქოს ვერ გავაქანებთ, თითქოს ღრმად აქვთ ფესვები, ღრმად კი არა, უკვე გურულად რომ ვთქვათ, მოფამფალებულები არიან," - განაცხადა ლადო აფხაზავამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.