ნგრევა და მსხვერპლი ბათუმში - დაკავებულია სამი პირი

09.10.21 09:25
ნგრევა და მსხვერპლი ბათუმში - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა. 

გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

დაკავებულია პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. და მუშები - 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

უწყება აცხადებს, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარადბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. 

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. 

09:00 საათის მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია. ცოცხლად ამოყვანილი ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გადარჩენილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი სიახლეები