ტატო ბაციკაძე: არ არსებობს ამ სამყაროში სცენარი, რომლის მიხედვითაც დგებუაძე ამ ლაქას ჩამოირეცხავს

06.08.25 16:04
ტატო ბაციკაძე: არ არსებობს ამ სამყაროში სცენარი, რომლის მიხედვითაც დგებუაძე ამ ლაქას ჩამოირეცხავს

"არ არსებობს ამ სამყაროში სცენარი, რომლის მიხედვითაც დგებუაძე ამ ლაქას ჩამოირეცხავს" - ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, ტატო ბაციკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და მზია ამაღლობელის განაჩენს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "ყველა ასეთი განაჩენით, რეალურად საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ სამუდამო განაჩენები". 

ყველა ასეთი განაჩენით, რეალურად საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ სამუდამო განაჩენები…

მაგალითად, მურუსიძემ რაც არ უნდა ქნას, სულ რომ აფრიკაში წავიდეს და მშიერი ბავშვების დაპურებაზე იზრუნოს, სიცოცხლის ბოლომდე მაინც გირგვლიანის საქმის მოსამართლე იქნება…

ირაკლი დგებუაძემაც, ცხოვრების ბოლომდე რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც სულ იქნება პოლიციელი, რომელმაც სილის გაწვნის გამო ქალი 2 წლით ციხეში გააშვებინა. უნდოდა თუ არ უნდოდა, მზია ამაღლობელთან მისი სახელი სამუდამოდ გადაიკვეთა - არ არსებობს ამ სამყაროში სცენარი, რომლის მიხედვითაც დგებუაძე ამ ლაქას ჩამოირეცხავს და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, დიქტატურამ, ეგეთი შელახული სახელის ადამიანი, თავისი ფრთის ქვეშ დიდხანს დაიტოვოს…" - წერს ტატო ბაციკაძე. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.