მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე-ნონა ქურდოვანიძე
საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება და წერს, რომ „მოსამართლის მხრიდან ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე.“
ქუროვანიძე მიიჩნევს, რომ “ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ხრიკი, ვითომ ნაკლები სანქციით გადაიფაროს მზიას მიმართ ამ დრომდე ჩადენილი უსამართლობა.“
შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო.
დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ხრიკი, ვითომ ნაკლები სანქციით გადაიფაროს მზიას მიმართ ამ დრომდე ჩადენილი უსამართლობა.
მზიას სიმტკიცე აუცილებლად იპოვის სამართალს.
გიორგი ახობაძეს ვულოცავ თავისუფლებას! ვინ აგებს პასუხს იმ დღეებისათვის, რომელიც მან უსამართლოდ გაატარა ციხეში?!-წერს ქურდოვანიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.