სააპელაციომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - "ჩირინა" დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს

07.08.25 13:42
სააპელაციომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - "ჩირინა" დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს

"რძის სკანდალთან" დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ცნობილია - მეორე ინსტანციამ  სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა.

  • სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც "ჩირინას“ აკისრებდა "ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას;

  • ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს.

სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.

  • კომპანია „ჩირინა“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სააპელაციომ უნდა დაასაბუთოს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია "ჩირინამ", ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. 

„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს. დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში გავასაჩივრებთ“,- რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას“ დამფუძნებელი.

ადვოკატ გიორგი გეწაძის თქმით,  „ჩირინას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

„მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაასაბუთოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც საქმეში მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი მაინც მიიღებს ამ საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.

ადვოკატი განმართავს, რომ „ჩირინას“საქალაქო სასამართლომ  4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, სააპელაციო სასამართლომ კი მიუღებელი შემოსავლის კომპენსაცია გააუქმა -  1.6 მლნ ლარი - ძირი თანხაა, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, პირდაპირი ზიანია, რაც შპს „ყვარლის ბაგამ“ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად განიცადა.

2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ჩირინას" "ყვარლის ბაგა"-სთვის 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. ("ყვარლის ბაგას"  ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფლობს. 

  • პაპაშვილის კომპანია ირწმუნება,  რომ 200-მდე ძროხა მას მერე დაეხოცა, რაც "ჩირინასგან" ნაყიდი ქათმის სკლინტი აჭამეს - კომპანიამ კი 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.
  •  "ჩირინამ" ლაშა პაპაშვილის კომპანიას უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

ცნობისთვის,  „ყვარლის ბაგა“ ირწმუნებოდა, რომ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტეტრაციკლინის გამოყენებაც  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრძალული არ არის. 

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და  ამტკიცებს, რომ კომპანიას მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია, ისევ როგორც  არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება თავდაპირველად, რადიო თავისუფლებამ მოამზადა, საიდანაც გაირკვა, რომ  ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა და რძით არაერთ კომპანიას ამარაგებდა. 

მსგავსი სიახლეები