სინდისის 8 პატიმრის საქმე-დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. ევროპული მომავლის მცველების პროცესზე ამ წუთებში ზვიად ცეცხლაძის მეგობარი იკითხება.
ახალგაზრდა დეტალურად იხსნებს, რა მოხდა საბედისწერო ღამეს და რა ფორმით გაიტაცეს ახალგაზრდა სტუდენტი ტაქსიდან, ისე რომ არ უთხრეს ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.
ცეცხლაძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ დრომდე, ბრალდების მხარის წარმოდგენილმა ვერცერთმა მოწმემ და ვერცერთმა მტკიცებულებამ ვერ დაადასტურა ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობა.
ბრალდების მხარის წარმოდგენილმა ვერცერთმა მოწმემ, ვერცერთმა მტკიცებულებამ, რომლის გამოკვლევაც მოხდა სასამართლოში, ფიზიკურად ვერ დაადასტურა ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობა, ვერცერთი მტკიცებულების გამოკვლევის დროს ვერ გამოიკვეთა ორგანიზებული ჯგუფის არსებობა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს უკვე ნათელი სურათი უნდა ჰქონდეს, სამართლებრივად, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრუ ეჭვსმიღმა სატანდარტით. დღეს მოხდება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, დაბარებულია 2 მოწმე, რომლრბიც ისაუბრებენ ცეცხლაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე, ასევე, დაკავებისას როგორ განვითარდა მოვლენები და ეს ორი მოწმე იმ დარღვევებზე ისაუბრებს, რომლებიც აშკარად იკვეთება- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.