დათაშვილის ადვოკატები საქმის მოსამართლის აცილებასა და საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ
ნინო დათაშვილის ადვოკატები საქმის მოსამართლის, ლელა კალიჩენკოს აცილებასა და ბრალდებულის საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ.
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე თამარ გაბოძემ დააყენა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად სხვა სასამართლოს უნდა გადაეცეს, ამასთან, აცილებული უნდა იყოს მოსამართლე ლელა კალიჩენკოც, რადგან ბრალდების ყველა მოწმე ამ სასამართლოს თანამშრომელია და სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა ეჭვი.
„ისეთი საქმის განხილვა გევალებათ, რომელში მონაწილე ყველა პირი თქვენი თანამშრომელია“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.