ნინო დათაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე: ეს არის რეპრესია
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის პროცესი მიმდიანრეობს, სადაც ბრალდებულმა პროკურატურის ინიციატივასა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და პროკურატურის ამ ინიციატივას რეპრესია უწოდა.
მისი თქმით, მათ ამ ქმედებით საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეს ხალხს.
ეს განჩინება [ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესახებ] არის ჩემთვის სამარცხვინო ფურცელი სასამართლოს ისტორიაში.
სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლებაც არ მომცეს. ეს არის რეპრესია ჩემ მიმართ და ადვოკატების მიმართაც. აწარმოეს პროპაგანდა. პენიტენციურ დაწესებულებაშიც კი მითხრეს ახლა წამოსვლამდე: შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს შენი ფსიქიატრიული ექსპერტიზაო.
ეკითხა ჩემთვის პროკურატურას, იქნება მინდოდა ექსპერტიზა. ციხეში კვირაში ორჯერ მაქვს ბანაობის საშუალება და ფსიქიატრიულში ყოველდღე მექნებოდა. ეს არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა.
დაგუგვლაც შეიძლება რა არის „ემოციური ლაბილობა“.
წარმოდგენილი მაქვს მკურნალი ექიმის მიერ ჩაწერილი შაბლონური ფრაზა ოპერაციის შემდეგ. ემოციური ლაბილობა, რაც დიაგნოზი არ არის. სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ გამომწერეს და რა თქმა უნდა, მქონდა ემოცია, მყავდა მცირეწლოვანი შვილი და თავისთავად, ვნერვიულობდი.
ნეიროქირურგის მეორე დასკვნაში, უკვე აღარც წერია არანაირი ფსიქიკური ემოციური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ძალიან მალე დამჭირდა.
მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები არ წერენ ფსიქიკურ დიაგნოზებს, ესეც იგუგლება, პროკურორებო.
საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს. როგორც მოქალაქე ვამბობ, სტიგმა გააძლიერეთ. ძალიან ბევრ მოქალაქეს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე. ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ფსიქიატრის დახმარება, მიდის ბევრი და ეუბნებიან, რომ ადგილი არ აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი და მოსწავლე გადამიმისამართებია და მყავს ძალიან ბევრი მადლიერი მშობელი. არანაირი პრობლემა მე ფსიქიატრიასთან არ მაქვს. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ ამაზე ილაპარაკეთ. არ შეიძლება სტიგმა და სტერეოტიპები გავაძლიეროთ ფსიქიატრიაზე. არ მინდოდა, რომ ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი.
ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია იმიტომ წარმოადგინეს აქ, რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა. ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებია. პროკურატურამ იძულებული გაგვხადა, რომ ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები გამხდარიყო საჯარო და განხილვის საგანი.
მე არანაირი შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე მხოლოდ მინდოდა, რომ ჩემს აბიტურიენტ შვილთან ვყოფილიყავი” – თქვა ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე.