შმაგი სოფრომაძის და: თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში, იქ იცხოვრონ
"თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში, იქ იცხოვრონ" - ამის შესახებ შმაგი სოფრომაძის დამ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მისი ძმა წამებით მოკლეს, შეუძლებელია რუსებს და ოსებს ძმა უწოდოს.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია, ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება.
ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად.
ჩემთვის, პირადად, არ არსებობს კარგი რუსი, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის მკვლელი ეს იყო ასე და დარჩება ასე. არანაირი პატიება ამის არ შეიძლება, არ არსებობს, არც ახლა და არასდროს. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც ღირსება გააჩნია, ვინც სამშობლოს სადარაჯოზე დგას, ამ აზრზეა.
ბოდიში მე არავისთან მაქვს მოსახდელი და არც გმირის ოჯახის წევრებს. თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში, იქ იცხოვრონ," - ამბობს შმაგი სოფრომაძის და.
2024 წლის 14 სექტემბერს, წინასაარჩევნო მარათონში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა, ქალაქში, რომელიც დაიბომბა, თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“
ივანიშვილის ამ განცხადებას ქართულ საზოგადოებაში დიდი მვნებათაღელვა მოჰყვა - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უპასუხეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ისინი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გამო ბოდიშს დაღუპულ გმირებს უხდიდნენ.
"ივანიშვილის ბოდიში" რუსულ, პროპაგანდისტულ მედიაში მოწონების და დიდი განხილვის საგანი გახდა.