სინდისის პატიმრების დედები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ
მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლოში სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრული საქმეები უმაღლესი სტანდარტით მიმდინარეობს.
მისი თქმით, „[ჩხრეკის] ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან.
- ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი“, - თქვა კობახიძემ გშინ ჟურნალისტებთან.
"ოცნების" პრემიერმინისტრის ამ განცხადებას სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები "პირველებთან" ეხმაურებიან.
საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს და სთავაზობს, როგორც სინდისის პატიმრები დააკავეს "პრევენციის მიზნით", ისე დააპატიმრონ 8 და 9 თვით ე.წ. ცრუ მოწმეები.
"ბავშვები და სრულიად, მზია, ნინო და სუყველა იყვნენ უდანაშაულო იმიტომ, რომ პრევენციის მიზნით ჰყავდათ თურმე დაკავებული. ხოდა მოდი ახლა ჩვენ ვცადოთ და პრევენციის მიზნით ცრუ მოწმეები და ვინც გიორგი ახობაძეს, კაციას და ა.შ. ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, პრევენციის მიზნით 8 თვე და 9 თვე მოდი ისინიც დავაკავოთ.
ჩემი პასუხი ეს არის, ისე რომ აღიარება თვითონ აქვთ. არცერთი პოლიტპატიმარი არ არის დამნაშავე, ვერცერთ პოლიტპატიმარს ფაქტებს ვერ უდებენ," - განაცხადა ელენე ახობაძემ.
გური მირცხულავას დედა, ინგა ესვანჯია ამბობს, რომ გიორგი ახობაძის უდანაშაულოდ ცნობა არ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია. მისი თქმით, მათ უბრალოდ პრეცედენტი შექმნეს.
"მიუხედავად ამ პრეცედენტისა ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევებიც, სადაც მტკიცებულებების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ჩასვეს, მიუსაჯეს პატიმრებს და ეს პატიმრები არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია, უბრალოდ პრეცედენტი შექმნეს," - ამბობს ინგა ესვანჯია.
ზვიად ცეცხლაძის დედის განცხადებით შესაძლოა, "ქართული ოცნების" წევრები მიხვდნენ "რომ ძალიან შარში არიან და იმედია კიდევ დაფიქრდებიან".
"ჯგუფურობა არ უმტკიცდებათ. ერთი ზარი მაინც, რომ მოიტანონ, ერთი მესიჯი, ერთხელ მაინც შესული ზარი. ხომ უნდა შეთანხმდნენ ჯგუფურობაზე. ერთ ზარს ვერ ნახავენ იმიტომ, რომ ეგენი ერთმანეთს არც იცნობდნენ. არც ჯგუფურობა დაუმტკიცდებათ და არაფერი საერთოდ ამ ბიჭებს. ერთ ფაქტს ვერ დადებენ, ალბათ მიხვდნენ, რომ ძალიან შარში არიან და იმედია კიდევ დაფიქრდებიან.
თუ გადაწყვეტილებას მაინც ცუდ მიიღებენ, ჩვე არ გვეშინია, სტრასბურგში ვიჩივლებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე," - განაცხადა მან.