დაკავება "შაბათის" ანონსის შემდეგ - შსს-მ ბიზნესმენის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა

09.10.21 16:13
დაკავება "შაბათის" ანონსის შემდეგ - შსს-მ ბიზნესმენის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ანონსის შემდეგ, კახეთის პოლიციამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტები გახსნილად გამოაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 პირი დააკავეს.

გომელაურის უწყების განცხადებით,  ბრალდებულებმა 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.

ორივე დაკავებულს აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.

პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა"- წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

შს სამინისტრო იქვე აცხადებს, რომ საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს.

ადგილობრივი ბიზნესმენის, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში 2 ხელყუმბარა 4 ოქტომბერს, გამთენიისას ისროლეს. 

"ტვ პირველმა" მომხდარის დღესვე გაარკვია, რომ აფეთქება მამედოვებსა და ნიაზოვებს შორის არსებულ დავას უკავშირდებოდა. 

"შაბათის ეთერში" კი დღეს პირველად გაიგებთ, რომ კრიმინაკური ფაქტი "ქართული ოცნების" წევრამდე, ამილ ნიაზოვამდე მიდის.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია კიდევ უფრო საგანგაშოა, ირკვევა, რომ ბიზნესმენს შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ.