პროტესტი თვალჭრელიძის ქუჩაზე - იძულებით გამოსახლებულები თავშესაფარს ითხოვენ
თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული სოციალურად დაუცველები ინვესტორის პასუხის მოლოდინში არიან.
ისინი ამ დრომდე ელოდებიან პასუხს, გადაიყვანენ თუ არა ალტერნატიულ თავშესაფრებში.
მოქალაქეებმა გუშინ საღამოდან შენობის შესასვლელები ცოცხალი ჯაჭვით ჩაკეტეს და აცხადებენ, რომ ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, ტერიტორიაზე არავის შეუშვებენ.
40-მდე ოჯახი პასუხის მოლოდინშია. თითოეული მათგანი ამბობს, რომ საცხოვრისიდან გამოსახლების ორი კვირის თავზეც, მათ თავშესაფარი არ აქვთ.
მათ ორი მოთხოვნა აქვთ: შეხვდნენ კომპანიის ხელმძღვანელს და მეორე, მათ გადაეცეთ კომპენსაციები.
საცხოვრებლები მოგვცენ, ეს ქირით გაყვანა არ გვინდა, ამ ქირას რამდენიმე თვე გადაგვიხდიან , მერე რა გავაკეთოთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ზოგი მიდის ნათესევაებთან, წყალს გადაივლებს და მოდის უკან. პატარა ბავშვებით, 24 საათი აქ ვართ, აქ გვძინავს, აქ ვჭამთ, როდემდე უნდა ვიყოთ ასე უპატრონოდ დაყრილები. სახელმწიფოც რომ არ გვეხამრება, ეგაა გასაკვირი, - ამბობს გამოსახლებული.
ზოგი მათგანი იმაზეც თანახმაა, რომ კომპენსაცია გადაუხადონ.
წასასვლელი არ გვაქვს, ყურადღებას არ გვაქცევს უშუალოდ მეპატრონე, გვეუბნება, რომ დღეს იქნება პასუხი, ხვალ იქნება, დროს გვიწელავს. ის მინიმალური მაინც რომ ქირით შევძლოთ გასვლა. ჭერი დაგვინგრია და კომპენსაცია მაინც ხომ გვეკუთვნის. ქირას გვთავაზობდნენ 300 ლარს, სად ვნახოთ ამ ფასში ქირა, შეუძლებელია,- ამბობს კიდევ ერთი გამოსახლებული.
თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იძულებით გამოსახლებულები ამბობენ, რომ “ბლექ სი პროფერთის“ მიმდებარედ კარვებს გაშლიან.