შინდისის ტრაგედიის გადარჩენილი გმირი 17 წლის წინანდელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

11.08.25 15:27
შინდისის ტრაგედიის გადარჩენილი გმირი 17 წლის წინანდელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

 

 

17 წელი შინდისის ტრაგედიიდან - დილიდან გმირების მემორიალთან მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

შინდისის გმირების საფლავებთან მივიდა სამხედროც, რომელიც 17 წლის წინ თავადაც იბრძოდა რუსი ოკუპანტების პირისპირ და კარგად ახსოვს, რა მოხდა საბედისწერო ბრძოლაში.

შინდისის გადარჩენილი გმირი გიგა მურვანიძე „პირველებს“ იმ შემზარავ დეტალებს უყვება, რომელიც მის თვალწინ ხდებოდა.

ლიანდაგებამდე რომ მოვედით, უკან 2 ტანკი იყო, რომლებმაც ცეცხლი გაგვიხსნეს და მანქანები, ცეცხლმოკიდებულები ჰაერში დაფრინავდნენ ბიჭები, ვინც მანქანაში იყვნენ, ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ისეთი ტემპით ვითარდებოდა ეს გასროლები. შენობა-ნაგებობებისკენ იყვნენ ესენი და ჩვენ კი მინდორში, დაუცველები და იხოცებოდნენ ბიჭები.

მე აღმოვჩნდი შენობაში, სადაც ხელყუმბარა შემომიგდეს და დავიჭერი ხელში და ფეხში, მივიღე კონტუზია. შემდეგ, აქ გადის არხი და ძალა რომ აღარ მქონდა, იმ არხში გადავვარდი და გავითიშე, 11 აგვისტოს, 13 აგვისტოს გამიყვანეს აქედან, გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად,-იხსენებს მურვანიძე.

17 წლის წინ, რუსეთთან ომში, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურზე, 17 ქართველი გმირის ისტორია დაიწერა. 22 ქართველი სამხედრო ოკუპანტების მოტომსროლელ ბრიგადას საათნახევრიან უთანასწორო ბრძოლაში აკავებდა. 22 ჯარისკაციდან 17 შინდისის რკინიგზის გაჩერებაზე სამუდამოდ დარჩა.

გადარჩა 5 სამხედრო, ხუთივე უმძიმესი ჭრილობებით, მათ შორის გიგა მურვანიძე, რომელიც ორი დღის განმავლობაში სარწყავ არხში მკვდარ სამხედროებთან ერთად ეგდო.

მსგავსი სიახლეები