შინდისის გმირის, მარლენ ბარამიას მამა შვილთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს- “მითხრა, დაბრუნდი და ბავშვს მიმიხედეო“
შინდისის გმირის, მარლენ ბარამიას მამა შვილთან ბოლო კომუნიკაციის გახსენება ცრემლების გარეშე უჭირს.
როგორც ის ამბობს, შვილის მთავარი სათხოვარი ის იყო, რომ მისი შვილისთვის მიეხედა.
რომ დავუკავშირდი 12 საათი იყო, პირველი იწყებოდა, 11 აგვისტოს, ეს იყო ბოლო ხმა, და მითხრა, ნუ მოდიხარ, ჩვენ მალე გამოვდივართ და სახლში დაბრუნდი და ბავშვს მიმიხედეო. კი დავბრუნდი უკან და მოხდა ის, რაც მოხდა. ზოგი მიყვიროდა, ნუ გეშინია ბიძია, მარლენი აგერ ვნახეთ, იგერ ვნახეთო, უკვე გამოსულიაო, მაგრამ ამ მოლოდინში, თურმე უკვე დამთავრებული ყოფილა, - ამბობს ბარამიას მამა.
17 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა.