გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: "ნებისმიერი არგუმენტი რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა გავაბათილეთ ფაქტებზე დაყრდნობით
"ნებისმიერი არგუმენტი რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა გავაბათილეთ ფაქტებზე დაყრდნობით" - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ობიექტური დამკვირვებლისთვის, პროცესის დასრულების შემდეგ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩა, რომ ბაჩიაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია.
პროცესის დასრულების შემდეგ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩა, ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან არანაირი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი...
ჩვენ შემთხვევაში დასკვნითი სიტყვა იყო საკმაოდ მოცულობითი, თუ არ ვცდები დაახლოებით 2 საათი მომიწია მე საუბარი და ნებისმიერი ის არგუმენტი, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს, მე მიმაჩნია, რომ გავაბათილეთ ფაქტებზე დაყრდნობით," - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ და გიორგი ბაჩიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
მის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება.
[ფოტო: არქივიდან]