17 წელი შინდისის ბრძოლიდან - რუსულ აგრესიას გადარჩენილი გმირი უმძიმეს დეტალებს იხსენებს
შინდისის გადარჩენილი გმირი "პირველებს" იმ შემზარავ დეტალებს უყვება, რომელიც მის თვალწინ 17 წლის წინ ხდებოდა. როგორ გაუხსნეს ლიანდაგებამდე მისულ სამხედროებს, ცეცხლი რუსული ტანკებიდან. დღეს, ზუსტად 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შინდისის უთანასწორო ბრძოლაში, ქვეყნის დასაცავად 17 ქართველი გმირი დაიღუპა. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადაურჩა, ერთ-ერთი მათგანი გიგა მურვანიძეა.
შინდისის გმირებმა 17 წლის წინ ამ დღეს საქართველოს ისტორიის ყველაზე გამორჩეული და საამაყო ეპიზოდი დაწერეს. ალყაში მოქცეულმა ქართველმა ჯარისკაცებმა თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენეს. მეორე ქვეითი არმიის ოცეულს, რაოდენობით ხუთჯერ მეტმა მტერმა ჩასაფრება მოუწყო. ბრძოლა რამდენიმე საათი გაგრძელდა, ვიდრე ქართველ ჯარისკაცებს ტყვია წამალი არ გაუთავდათ. შინდისის გმირებმა სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობის იდეას შესწირეს, თუმცა გმირების მემორიალთან ჩასული ირაკლი კობახიძე დღეს ისევ ჯიუტად ამტკიცებდა რომ 17 წლის წინ ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო.