მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაური 2 წლით ციხეში გაუშვა
საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
- რას ითვალისიწინებს 353 მუხლის პირველი ნაწილი: პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძის თქმით, მოსამართლემ, ანატოლი გიგაურის მოქმედება არ შეაფასა, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად, რაც უფლებადამცველის განცხადებით, დაუსაბუთებელია.
არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ, ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი ა ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს, შესაბამისად, ასეთ პირობებში, მოსამართლე ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა. რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ შეიძლება შეფასებული იყოს, მათ შორის, პოზიტიურადაც, ბუნებრივია, ჩენ მაინც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან, თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ძალიან კარგად ჩანს ვიდეო-კადრებში, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შეკრულ მუჭს სახეში ანატოლი გიგაურს და სულ 2-3 წამში, გიგაური ახორციელებს იმ მოქმედებას, იქნევს ხელს პოლიციელის მისამართით. შესაბამისად, იგერიებს მას. ანუ, ბუნებრივია, რომ იგი იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ პირობებში, მოსამართლემ, სავარაუდოდ, არ შეაფასა ეს მოქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებად, რაც არის დაუსაბუთებელი ნებისმიერ შემთხვევაში. ჩავიბრებთ ამ დასაბუთებას და გიგაურთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებთ",- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.