სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

12.08.25 11:13
სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

საააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენი დღეს გამოცხადდება. მოსამართლეთა კოლეგია 12:00 საათზე გამოაცხადებს, დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველებს იმედი არ აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის. დავით ჯანდიერის თქმით, "ამ საქმის უკან არ არის მართლმსაჯულების ინტერესები, ამ საქმის უკან არის პოლიტიკური ინტერესი". 

მთავარი ამ ეტაპზე არის არა ხელისუფლებისგან რაღაც სასწაულის მოლოდინი, არამედ პროცესის სრული გამჭვირვალობა და საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და მედიის ჩართულობა, რომ სიმართლე არ დაიკარგოს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია ამ სისტემის მიმართ, მაგრამ გვაქვს მტკიცე ნება, რომ ეს უსამართლობა ყველამ დაინახოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ეს გზა ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემდგომში გაგრძელდება. 

გენეზისი მისი და დასაწყისი ამ ყველაფრის უკავშირდება იმ დაპირისპირებას და ამაზე გიორგიმ ისაუბრა, რომელიც მას ჰქონდა ივანიშვილთან, კერძოდ ის არ გაყვა მას იმ თეორიაში, რომელიც უკავშირდებოდა Credit Suiss-ის უკან არსებულ წარმოდგენებს ბატონი ივანიშვილის იმის თაობაზე, რომ გლობალური ომის პარტია და "დიფ სთეითი" იყენებდა ინსტრუმენტად  Credit Suiss-ს იმისთვის, რომ ბატონ ბიძინაზე მომხდარიყო ზეწოლა. 

ამიტომ მთელი ეს გარემოებები ცხადად ადასტურებს იმას, იმის გათვალისწინებითაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა სრულად ადამიანის უფლებების იგნორირებით განხორციელდა, რომ ამ საქმის უკან არ არის მართლმსაჯულების ინტერესები, ამ საქმის უკან არის პოლიტიკური ინტერესი და მისი მიზანი არის კონკრეტული პირის, პატიმრის პოლიტიკური დასჯა, მასზე ზემოქმედების განხორციელება იმისთვის, რომ ერთი კერძო პირის ინტერესები იქნეს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

გუშინდელ პროცესზე, თანაინვესტირების ყოფილმა ხელმძღვანელმა და დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. 

ცნობისთვის, ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები