ბაჩიაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს

12.08.25 13:25
ბაჩიაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს

გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველების განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეს ჯერ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შიდა მექანიზმების ამოწურვის შემდეგ კი, "თუ ისევ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი დარჩა ძალაში", სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. 

ადვოკატების თქმით, მოსამართლეთა კოლეგიას განმარტება არ გაუკეთებია, თუ რატომ დატოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში. 

ცხადია გავასაჩივრებთ ჯერ უზენაეს სასამართლოში და შიდა მექანიზმების ამოწურვის შემდეგ, თუ ისევ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი დარჩა ბაჩიაშვილის მიმართ ძალაში, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. 

ხშირად არის ხოლმე, როდესაც მცირესიტყვიან განმარტებას მაინც აკეთებს სასამართლო, შესაბამისად ამის მოლოდინი არსებობდა, თუმცა სასამართლო დარბაზში არანაირი განმარტება არ გაკეთებულა, გარდა იმისა, რომ განაჩენი დატოვეს ძალაში," - ამბობს ლევან მახარაშვილი. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ის "ბიტკოინების საქმეზე" მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები