11 პირის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის - როდის წარდგება საბოლოო სიტყვით სახელმწიფო ბრალდება სასამართლოზე?

12.08.25 13:27
11 პირის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის - როდის წარდგება საბოლოო სიტყვით სახელმწიფო ბრალდება სასამართლოზე?

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - 11 პირიანი საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. 

ცოტა ხნის წინ სხდომაზე სინდისის პატიმრების ადვოკატების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო.

დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო უკვე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს, რომელიც ადვოკატებით ვარაუდით, 14 აგვისტოს მოხდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს შეაჯამებს საკუთარ მტკიცებულებებს სახელმწიფო ბრალდება, თუმცა როგორც ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, საქმეში სინდისის პატიმრების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

დღეს დაცვის მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ დაცვის მხარის გარკვეული მოწმეების და მტკიცებულებების უდავოობის საკითხზე შეთანხმდენენ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და გადავალთ დასკვნით სიტყვების წარმოთქმაზე. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომ ეს ადამიანები ჯგუფურად, განსაკუთღებით ორგანიზებულად გეგმავდნენ გარკვეულ წინააღმდეგობებს. თავად მთავარმა გამომძიებელმა არსებ ხუნაშვილმა თქვა, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ორგანიზებას ჰქონდა ადგილიო, იქნება მობილურებიდან ამონაწერიო და ექსპერტიზაო, თუმცა დასრულდა მტკიცებულებები და აღნიშნული ექსპერტიზა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, თუ არ არის წარმოდგენილი, სასამართლომ უალტერნატივოდ უნდა მიიღოს გამმართლებელი განაჩენი", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

დღეს ანდრო ჭიჭინაძის მხარეს დაგვრჩა გამოსაკვლევი ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე როგორ ეხმარება აქტივისტებს, მანდილოსნებს აქციაზე, თუმცა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე აპირებს დაცვის მხარის ერთი მოწმე, ასევე ეს ვიდეო-მტკიცებულება უდაოდ გვიცნოს", - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები