ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დაკავებულია ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრი
არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრი, ძმები მიქაძეებიდან ერთ-ერთი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული გიორგი მიქაძეა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში, მთაწმინდაზე რამდენიმე სააათის წინ ჩატარდა.
აღნიშნულ საქმეზე განცხადება შსს-ში 17:00 საათზე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ის მოულოდნელად 18:00 საათამდე გადაიდო.
უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მიქაძეს ან როდის მოხდა მისი დაკავება.
- მთაწმინდის საძმოს წევრების - ძმები მიქაძეების გვარს ჭავჭავაძეზე ჩაცხრილული ბიზნესმენის საქმეში ანონიმური წყარო უკვე რახანია ასახელებდა, ამის შესახებ საუბრობდა ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც.
ამასთან, "პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეში, პროკურორის და საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, გაჩნდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი, პირველი სამმართველოს დეტექტივის პატაკი, სადაც სწორედ მთაწმინდის საძმოს წევრებზე, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებზეა საუბარი.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ცნობისთვის, ანონიმური წყარო იუწყებოდა, რომ საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში.
კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძიებას არ გამოუკითხავს.
საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.