“ოცნებამ“ ცრუ დაპირებების იაფი პოპულიზმის პერიოდი დაიწყო- ოპოზიცია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე
იაფასიანი პოპულიზმი თვითმართველობის არჩევნების წინ-ასე ეხმაურება ოპოზიცა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოება “ოცნებას“ და კალაძეს არ ენდობა და ურჩევნია ავარიულ სახლებში იცხოვროს, ვიდრე დაანგრევინოს თბილისის მერიას სახლები და შემდეგ ელოდოს, როდის, ან საერთოდ თუ აშენდება ახალი საცხოვრებელი.
ისინი იმასაც ამბობენ, რომ თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიონი ლარი, 10 ათასი სახლის რეაბილიტაციისთვის, წარმოუდგენლად ცოტაა.
“ოცნებამ“ დაიწყო ტრადიციული ცრუ დაპირებების იაფი პოპულიზმის პერიოდი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან მხოლოდ 10 მილიონი ლარია გამოყოფილი 10 ათასი ავარიული სახლის რეაბილიტაციისთვის და პროპორციულად რომ გავყოთ ეს თანხა, ერთ სახლზე მხოლოდ 1000 ლარი გამოდის. ბუნებრივია, ამ თანხით შეუძლებელია, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, პრობლემები არის მასიურად, ადამიანები მიტოვებულები არიან საკუთარი ბედის ანაბარა, ცხოვრობენ, ფაქტობრივად გადახსნილ კორპუსებში, - ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.
კალაძის და “ოცნებისადმი“ უნდობლობაზე საუბრობს კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი ანა გოგოლაძე და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს, “კალაძის საიმიჯო პროექტს“ უწოდებს.
დედაქალაქის 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 10 ათასობით ავარიულ სახლში და კორპუსში, აი, ამ პირობებში, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსახლეობა არ თანხმდება სრულად კალაძის ამ საიმიჯო პროექტს. რატომ? იმიტომ რომ აქვთ დედაქალაქის მერის და “ოცნების“ მიმართ უნდობლობა. რატომ აქვთ უნდობლობა? ჩვენ ვანხეთ რომ მსგავსი კორპუსების მშენებლობა იწელება წლების განმავლობაში, - ამბობს ანა გოგოლაძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კალაძეს არ აქვს 100 პროცენტიანი თანხმობა საზოგადოების, რომ ავარიული კორპუსები ახლებტყ ჩანაცვლდეს, რადგან 12 წელი ჰქონდა “ოცნებას“ იმისთვის, რომ ქალაქში ეს პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა ეს არ გააკეთა და ის, რომ დღეს კალაძემ ვარკეთილში მშენებარე კორპუსი მოინახულა, ეს სწორედ „საჩვენებელი მონახულება“ იყო.