ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა - კალაძე მაცხოვრებლებს გამოსახლებაზე ვერ ითანხმებს
თბილისის მერი ისევ ამტკიცებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში შენობებიდან, მოქალაქეებს მათი ნებართვის გარეშე ვერ გამოასახლებს. არადა მას საკრებულოს დადგენილება ავალდებულებს კიდეც, რომ მძიმე კატეგორიის შენობებიდან, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ხალხის გამოყვანა დაუყოვნებლივ მოხდეს.
გამოდის, თუ კორპუსში ცხოვრება საშიშია და გამოსახლებაზე ვინმე იმის გამო არ თანხმდება, რომ მერიას არ ენდობა, თბილისის მერი არც არაფერს გააკეთებს საფრთხის ასარიდებლად.
რატომ ურჩევნია ხალხს საკუთარ ავარიულ შენობაში იცხოვროს, ვიდრე თბილისის მერის შემოთავაზებას და ჩანაცვლების პროგრამას დათანხმდეს? -ოპოზიციაში აცხადებენ რომ ხალხი " ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, არ აქვთ გარანტია, რომ მერია მათ ახალ კორპუსს დროულად, ან საერთოდ აუშენებს. ამიტომაც ერთადერთი თავშესაფრის დანგრევას არ თანხმდებიან.
რამდენიმე კვირის წინ სადგურის მოედანზე ავარიულ კორპუსის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეთი კორპუსები თბილისში ბევრია, თუმცა ეს ტრაგიკული შემთხვევა არც კანონმდებლობის გამკაცრების საფუძველი გახდა და არც პოლიტიკის შეცვლის.