პროკურატურამ და შსს-მ აღიარა, რაზედაც მე ვსაუბრობდი, რომ მკვლელობა მოხდა შეკვეთით- ჯანგველაძეების ოჯახის ადვოკატი
დადასტურდა, რომ მკვლელობა მოხდა შეკვეთით, სახელმწიფომ და საგამოძიებო ორგანომ აღიარა, რომ ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა, ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში,- ამის შესახებ ჯანგველაძეების ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ანა წერეთელის “დღის ამბებში“ ჩართვისას განაცხადა.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან არაერთხელ განაცხადა გამოძიების არასწორ მიმდინარეობაზე, თუმცა, ვიდრე საქმის პროკურორი არ შეიცვალა, შედეგი არ დადგა.
მისი თქმით, “პროკურატურა აკეთებდა ყველაფერს, რომ საქმე ჩაფარცხულიყო და დამნაშავეები არ ყოფილიყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი.“
პირველივე დღიდან, როგორც კი საქმეში ჩავერთე, ვამბობდი, რომ საქმეზე გამოძიება არ მიდიოდა სწორი მიმართულებით, ნაცვლად იმის, რომ პასუხისგებაში მიცემულიყო, ჯერ გამოვლენილიყო მკვლელობის შემკვეთები, მკლვევლობაში თანამონაწილეები, პროკურატურა აკეთებდა ყველაფერს, რომ საქმე ჩაფარცხულიყო და ეს ადამიანები, ვინც დანაშაულში მონაწილეობდნენ, ვინც ორგანიზება მოახდინეს ამ დანაშაულის, არ ყოფილიყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, საქმე არასწორი მიმართულებით მიდიოდა და ბრალდების მხარის ვერსია იყო ერთადერთი-გელა უძილაურმა მოკლა, მას ჰქონდა პირადი მოტივი, რაზედაც ჩვენ ვამბობდით, რომ იყო სიცრუე და ტყუილი. დღევანდელი ბრიფინგით და გადაწყვეტილებებით, ცალსახად დადასტურებულია და პროკურატურამ და შსს-მ აღიარა, ყველაფერი, რაზეც, მე როგორ დაზარალებულის ადვოკატი ვსაუბრობდი, იყო სიმართლე. საქმე გვაქვს შეკვეთილ მკვლელობასთან, შემთხვევასთან, როდესაც ერთი პირი, მკვლელობის უშუალო ჩამდენი, თვითონ ამ დანაშაულს სხვების დახმარების გარეშე ვერ ჩაიდენდა. მას შეუკვეთეს, მას უბრძანეს და ფულის სანაცვლოდ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.
საგამოძიებო ორგანომ, რაც საქმეში შეიცვალა საქმის პროკურორი, რომლის აცილებაც ჩვენ მოვითხოვეთ, რადგან ის იყო დაინტერესებული პირი და არ იძიებდა საქმეს, და საქმეში ჩართო სხვა პროკურორი და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული, პირველივე დღეებში კვალიფიკაცია შეიცვალა, -განაცხადა კაკაბაძემ.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თუ კიდევ არსებობს კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველას პასუხი გაეცემა.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი დამნაშავე, ვინც ამ საშინელ და სამარცხვინო დანაშაულში მონაწილეობდა, დაუსჯელი არ დარჩეს,- დასძინა მან.
მისივე თქმით, კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ის გაეცნობა საქმის ახალ დოკუმენტაციებს და საზოგადოებას, ყველა საკითხთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩააყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ საქმეზე დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.