ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შემკვეთებად ძმები მიქაძეები დასახელდნენ-მივა თუ არა გამოძიება ფარცხალაძემდე
უახლოვდება თუ არა გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს-სპეცოპერაცია ე.წ. მთაწმინდის საძმოს ყველაზე გავლენიანი პირების წინააღმდეგ ჩატარდა. დაკავებულია გიორგი მიქაძე, მის ძმაზე კი ძებნაა გამოცხადებული. ორივეს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედება ბრალად. ორივე ექსპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვაა.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ცენტრში კანონიერი ქურდის ძმის ჩაცხრილვა ძმები მიქაძეების ორგანიზებული იყო. მოტივი - კონფლიქტი ბიზნეს ინტერესების გამო. სწორედ ეს ვერსია განიხილება გამოძიების მიერ. ძებნაა გამოცხადებული გია ჯოხაძეზეც. სწორედ მისი დაცვის წევრმა გელა უძილაურმა 14 გასროლით მოკლა ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე.
გამოძიებსი ვერსიით, სწორედ ე.წ. ქილერის პოვნაში დახმარება სთხოვეს ჯოხაძეს, რომელმაც თავის მხრივ, გელა უძილაურის კანდიდატურა შესთავაზა. შემდეგ კი იარაღის უკანონო შეძენაშიც თავად დაკავდა.
გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბორკილები სამ ადამიანს დაადეს. ორს დაუსწრებლად წაუყენებენ ბრალს, თუმცა, გამოძიება გრძელდება და ახლა საინტერესოა, გავა თუ არა გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის კვალზე.