აფეთქება კაბალში - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წაუყენა

10.10.21 13:18
აფეთქება კაბალში - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წაუყენა

სოფელ კაბალში, ადგილობრივი ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარის სროლისა და აფეთქების ბრალდებით დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ანონსის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ 2 პირი დააკავა.

ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარ აფეთქებებზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ტვ პირველმა მომხდარის დღესვე გაარკვია, რომ აფეთქება მამედოვებსა და ნიაზოვებს შორის არსებულ დავას უკავშირდებოდა. ბზინესმენს შვილების გატაცებითაც ემუქრებოდნენ.