ანასტასია ზინოვკინა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პენიტენციურ სამსახურს შესაბამის მკურნალობას სთხოვს
აქციების მიმდინარეობისას დაკავებული და ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ანასტასია ზინოვკინა ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და პენიტენციურ სამსახურს შესაბამის მკურნალობას სთხოვს.
დაკავებულის ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ "პუბლიკასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემლის პრობლემა აქვს (დაბადებისას მიღებული სამშობიარო ტრავმის გამო), რაც კისრისა და წელის არეში ტკივილებსა და დაბუჟებას იწვევს. სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება ტკივილები, მათ შორის თავის ძლიერი ტკივილი და კიდურების დაბუჟება. ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე მას ხანდახან საკვების მიღება და გადაადგილებაც უჭირს. დარია სამოდუროვა აღნიშნავს, რომ ზინოვკინა გამაყუჩებლის გარეშე დაძინებას ვერ ახერხებს.
ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ კიდურები და სხეული ჩემი არ არის, ვერ ვგრძნობ ხოლმე მათ, მაქვს შენელებული რეაქციები," - უთხრა მას ზინოვკინამ.
ადვოკატის განცხადებით, მას ციხის პირობებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო რეკომენდაციების (ვარჯიში, მასაჟი, შესაფერისი მატრასი) შესრულებაში მხარდაჭერა არ აქვს.
პაციენტის ანამნეზი და ჩივილები შეკრებილია ახლობლების დახმარებით, თავად პაციენტი ვერ იქნა გასინჯული, რადგან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. გადმოცემული ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტს წლებია აწუხებს ცერვიკალგია, იტარებდა კონსერვატიულ მკურნალობას რუსეთში, რის ფონზეც ჰქონდა რემისია.
დაკავების შემდგომ დაეწყო მწვავე ტკივილები კისრის და წელის მიდამოში, გაუჭირდა ჯდომა, წოლა. წელის ტკივილები ირადირდება მარჯვენა ფეხში, ხოლო კისრის ტკივილები კეფის მიდამოში. ტკივილები აწუხებს ღამის განმავლობაშიც. ხშირად უბუჟდება კიდურები," - წერია ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაში (ფორმა N100).
ზინოვკინას ჩატარებული აქვს ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (22.06.2025), რის საფუძველზეც ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი დიაგნოზში წერს, რომ ვლინდება პოლიდისკოპათია, დისკის პროტრუზია, დისკების პროტრუზია. ნეიროქირურგი მის მდგომარეობას აფასებს, როგორც პროგრესირებადს და აღნიშნავს, რომ პაციენტი მწვავე ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა ესაჭიროება კონსერვატიული მკურნალობა ნეიროქირურგის ან ნევროლოგის მეთვალყურეობით.
ამასთან, ადვოკატის ცნობით, დაკავებულს აქვს მხედველობის პრობლემაც. სასამართლო დარბაზში შეყვანის შემდეგ უჭირს კონცენტრირება და ფოკუსირება.