სად დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა?
სად დაიგეგმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა? - ვაკეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
"ტვ პირველმა" თბილისში იმ სასტუმროს მიაგნო, სადაც გამოძიების ინფორმაციით ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით კონსპირაციული შეხვედრები იმართებოდა.
აღნიშნული სასტუმრო "თბილისი თაუერია", რომელიც პროკურატურიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.
- ამ წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან, სასტუმროში მივიდნენ ძმები მიქაძეებიც.
მეტიც, გამოძების ინფორმაციითვე, სწორედ ამ სასტუმროში მივიდა მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძილაური მკვლელობიდან მეორე დღეს, 15 მარტს.
- უძილაური თბილისში დაბრუნდა 15 მარტს, მივიდა „თბილისი თაუერსში“ და სურდა ჯოხაძის ნახვა, „თუმცა იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმრო თბილისის თაუერის ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გ. ჯ.-ს ტელეფონზე და სოციალურ ქსელ ,,whatsapp“ -ზე დაკავშირება“.
როგორ გადაადგილდებოდა უძილაური სასტუმროში თავისუფლად და ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციასთან კითხვები გამოძიებას - ამ კითხვებზე სასტუმროში "პირველებს" არ პასუხობენ.
სასტუმრო "თბილისი ტაუერი" ვასილ ვოლაშვილს ეკუთვნის.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადება: