მუქარა მესამე სექტორს - რა წერია წერილში, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ NGO-ებს გაუგზავნა

15.08.25 11:14
მუქარა მესამე სექტორს - რა წერია წერილში, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ NGO-ებს გაუგზავნა

ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან მესამე სექტორის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნეს, სადაც მათ ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი  კუპრაშვილის უწყება მესამე სექტორს განმარტებას სთხოვს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ-ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

ივანიშვილ/კუპრაშვილის ბიურო ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას აგრძელებს

2025 წლის 11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და  დეზინფორმაციის  მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.

პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად,- განაცხადეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.