160 ათასი ლარი მხოლოდ ფურშეტებში - ცესკო ბიუჯეტის ფლანგვაშია მხილებული

15.08.25 17:30
160 ათასი ლარი მხოლოდ ფურშეტებში - ცესკო ბიუჯეტის ფლანგვაშია მხილებული

 

ცესკო ხალხის ფულის გაფლანგვაშია მხილებული. ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ თვეში საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ  160 ათას ლარამდე თანხა ფურშეტებში დაიხარჯა.

დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ ცესკოს ჩაუტარებია სემინარები არჩევნების შესახებ და წასულან მივლინებებშიც.

ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი "ოცნების" დავალებების შემსრულებელია და ამიტომაც უქმნიან მას და მის დაქვემდებარებულ პირებს სრულ კომფორტს.

გამოდის, რომ ეს ხარჯი თავის კომისიის წევრებს დაახარჯა და იმ ჯგუფებს, რომელთან ერთადაც ცდილობს ამ არჩევნების დემოკრატიულად გაყიდვას. ცესკომ რომ ჩაატაროს ისეთი არჩევნები, როგორი არჩევნებიც სურს "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, ვიღაცეების სურვილები უნდა დააკმაყოფილოს ცესკოში "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ, კალანდარიშვილმა რომ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მას დაცვა უნდა დაუნიშნონ. ვისაც დაცვას ვერ უნიშნავენ, კომისიის დანარჩენ წევრებს, ისინი უნდა შეაიარაღონ. ანუ რაღაც ბავშვობის ოცნებებს უსრულებენ ცესკოს წევრებს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ასევე ცესკოში გაბერილი შტატების პრობემაზეც საუბრობს.  

ცესკო არის ის ორგანიზაცია, რომელიც საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან მიმართებაში არის ძალიან "სულგრძელი". ეხება არა მხოლოდ წარმომადგენლობით ხარჯებს, არამედ იმ გაბერილ შტატებს, რომელიც არის ცესკოში, არასაარჩევნო პერიოდში მათ შორის, თუმცა ასევე საარჩევნო წელსაც. ცესკო არის, პრაქტიკულად, დასაქმების ერთ-ერთი კანტორა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები, სამივლინებო ხარჯები - ეს ყველაფერი არის იმ ადამიანების კომფორტისთვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს უსრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამსახურს არჩევნებზე მიტაცების და გაყალბების მექანიზმების განხორციელების გზით, - ამბობს სიორიძე.