"ბრძოლას არ შევწყვეტთ!" - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს კახეთში არიგებენ
გაზეთები, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია დაბეჭდილი, დღეს კახეთში რიგდება. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამ წუთებში ახმეტაში არიან და მოსახლეობას ხვდებიან. ისინი ადგილობრივებს მათი შვილების, მეუღლეების, ძმების და დების დევნის ისტორიებს უყვებიან. ისინი ასევე არიგებენ გაზეთს "საქართველოს პულსი", რომელიც ემიგრანტების მიერ არის დაბეჭდილი და რომელშიც საუბარია ევროკავშირის სიკეთეებზე.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივები მათ პოზიტიურად შეხვდნენ და პრაქტიკულად, ყველა გაზეთი უკვე დარიგდა.
ძალიან პოზიტიურად გვხვდებიან, აქეთ გვეხვეწებიან და აგერ, აღარ მიკავია უკვე გაზეთები, იმდენად დავარიგე. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენს პატიმრებს კიდევ გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ. როგორც ჩვენ გავუძლებთ ამ ყველაფერს, ეგრე უნდა გაუძლონ იმათაც, სხვა გზა არ გვაქვს და ამ მათავრობას მალე მოვიშორებთ ალბათ. რა სიტყვებიც გუშინ კობახიძემ თქვა, რომ "უნამუსოები არიანო", უნამუსოები არიან თვითონ, რომ არაფრის არ სრცხვენიათ, - ამბობს გიორგი ტერიშვილის დედა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გვერდში დგას მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ის სწორედ მათთან ერთად იმყოფება დღეს კახეთში და მოსახლეობას გაზეთებს ურიგებს.
ადრევე ვიცოდით, რომ ეს რეპრესიები იქნებოდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ ხელისუფლებაში რამე სამართლის პოვნა და მოხდა ის, რაც მოხდა, რატომაც ვართ დღეს ჩვენ ქუჩაში გამოსულები და ვარიგებთ ამ გაზეთებს. ყველას რომ გავაცნოთ, ვინც არ იცის, რომ ისინი ნამდვილად არიან სინდისის პატიმრები და არიან პატრიოტები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პატიმრები დავიხსნათ ციხიდან, - ამბობს მაჩალიკაშვილი.
დღის ბოლოს სინდისის პატიმრების მშობლები თელავის აქციას შეუერთდებიან. მანამდე კი ავანში ყვავილებით გიორგი ანწუხელიძის მემორიალს შემაკობენ. მივლენ თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზეც.