"ბიჭების დაკავების საფუძველი არ არსებობდა" - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის ადვოკატი

17.08.25 13:31
"ბიჭების დაკავების საფუძველი არ არსებობდა" - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის ადვოკატი

დიღმის იზოლატორში დაკავებულ აქტივისტების მოსანახულებლად ადვოკატი მივიდა. ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, რადგან მათ ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან, რომელიც 2 წლიანი პატიმრობის გარდა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ჯარიმასაც ითვალისწინებს. 

საჯარო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვნახეთ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, მინიმუმ, ბიჭების დაკავებას რომ გამორიცხავდა ისეთი შინაარსის. ბუნებრივია, ყველა მსგავსი ინფორმაცია შემდეგ უნდა ვაქციოთ მტკიცებულებად და უნდა შევძლოთ გარკვეული ფორმით გამოძიებისთვის მიწოდება. რაც შემიძლია ვთქვა არ მომენტისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ ბიჭები დაეკავებინათ, თუნდაც წარდგენილი ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ის გახლავთ ნაკლებად მძიმე დანაშაული. სასჯელის მაქსიმალური ოდენობა ეს არის ორი წელი, ხოლო ალტერნატიული სანქციების სახით გათვალისწინებულია ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ყველა ამ ინფორმაციის შეჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ბიჭები დაკავებულები არიან.

დანარჩენთან დაკავშირებით, შევხვდები ბიჭებს, გავესაუბრები, მოვისმენ მათ პოზიციებს. სავარაუდოდ, დღესვე იქნება ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებაზე, - ამბობს ომარ ფურცელაძე. 

თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან. მათ  გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. 

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

 

მსგავსი სიახლეები