შქმერის გამგებელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

17.08.25 14:06
შქმერის გამგებელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ერთ პირს ბრალი წარუდგინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე.

გამოძიების მიხედვით, მერის წარმომადგენელმა შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივს დაჰპირდა, რომ მისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ტყის ფონდიდან ნებართვის გარეშე გაატანინებდა 180 ტომარა ტორფს.

პროკურატურის ცნობით, სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს 15 აგვისტოს 1800 ლარი მოსთხოვა და თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობა ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები