თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი წარედგინათ - რას ამბობს შეხვედრიდან გამოსული ადვოკატი

17.08.25 15:39
 თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი წარედგინათ - რას ამბობს შეხვედრიდან გამოსული ადვოკატი

გუშინ დაავებული აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ადვოკატმა მოინახულა. ომარ ფურცელაძის თქმით, მათ ბრალი უკვე წარედგინათ და ახლა სასამართლოს მოლოდინში არიან. 

როგორც ინტერესების დამცველი ამბობს, საქმის მასალებში მხოლოდ "დაზარალებულის" ჩვენება და ერთადერთი ვიდეომასალა დევს. 

ადვოკატი ამბობს, რომ გამოსაძიებელია კიდევ არაერთი ფაქტი, თუ როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა ბექა გოცირიძე რუსთაველის გამზირზე და ვინ წამოიწყო კონფლიქტი. 

სულ რამდენიმე წუთია, დასრულდა ბრალის წარდგენის პროცედურა, მათ შორის, გადმოგვეცა საქმის მასალები. ბუნებრივია, საშუალება არ მქონია, სრული მოცულობით გავცნობოდი, მაგრამ გავეცანით ნუსხას. ამ ეტაპზე ბიჭებს წარდგენილი აქვთ ბრალი 126 პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას. დაზარალებული გახლავთ ის ადამიანი, რომელიც, საჯარო წყაროებითაც ვრცელდებოდა ინფორმაცია. ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ აქვს არავითარი მასალა საკმარისი იმისთვის, რომ პირები ყოფილიყვნენ დაკავებულები, თუმცა დაკავებულები არიან სასამართლო განჩინების საფუძველზე. ამ ეტაპზე ბრალის დადგენილებით რასაც ვარკვევ, ძირითადი მასალები, რის გამოც დააკავეს ეს ადამიანები, გახლავთ ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები  და ერთი კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ასევე რელიზის სახით გაავრცელა შსს-მ თვითონ.

რაც შეეხება მტკიცებულებების დარჩენილ ნაწილს, ეს კონკრეტული დაზარალებული როგორ აღმოჩნდა რუსთაველის გამზირზე, რა მიზნით, ვინ იყო ინიციატორი კონფლიქტის და ა.შ., ეს არ უკვლევია გამოძიებას, რაც ბუნებრივია, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების სტანდარტს ვერ პასუხობს. ალბათ ჩვენ მოგვიწევს ამ მტკიცებულებების მიტანა, თუმცა პირველი პრიორიტეტი იქნება პირველი სხდომა და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრა, რასთან დაკავშირებითაც არა უგვიანეს 24 საათისა უნდა გაიმართოს სასამართლო განხილვა. 

გენერალურად ბრალის დადგენილებიდან ვადგენთ, რომ ეს ადმაიანი უთითებს, რომ მან განიცადა ტკივილი და სურს, რომ დააკავონ მისი დამზიანებლები. 

ომარ ფურცელაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა, წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.  

ამ ეტაპზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, თუმცა აქციებთან მიმართებით არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით ძალიან მაღალი ალბათობით ეს იქნება პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სამართლებრვად ამის საფუძველი არ არსებობს. 

თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე გუშინ დააკავეს.  მათ  გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. 

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები