"ამდენი ხალხის ცოდვა როგორ უნდა ჩამოირეცხონ"? - სინდისის პატიმრების მშობლები თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ. ადგილზე ყოფნა ყველაზე მძიმე მარინა ტერიშვილისთვის აღმოჩნდა. ქალი, რომელსაც შვილი 1992 წელს მოუკლეს, ამბობს, რომ დღესაც, როგორც მაშინ ქვეყანაში "ახალი მხედრიონია".
რომ ვუყურებ ახლა ამ ბავშვის საფლავს, ასეთი მძიმე იყო ჩემთვის 1992 წლის ის 2 თებერვალი, როცა ჩემი შვილი სახლიდან გავიდა და ბავშვს, რომელსაც ეროვნული დროშა ეკავა და წინ მიდიოდა, მაშინდელმა მხედრიონის ბანდიტებმა სნაიპერის ტყვიით დამიხვრიტეს. საძილე არტერიაში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ჩემთვის მართლა მძიმეა ასეთი ახალგაზრდების საფლავზე მისვლა. ძალიან ემოციურად ვარ. მე არ ვიცი, ამ მთავრობამ როგორ უნდა ჩამოირეცხოს ამდენი ხალხის სისხლი. მაშინ ვიცოდი, რომ მხედრიონი ბანდიტობდა, მაგრამ ეს ახალი მხედრიონია, - ამბობს მარინა ტერიშვილი.
ზვიად ცეცხლაძის დედა კი ირაკლი კობახიძეზე ბრაზს ვერ მალავს და პირდაპირ ეუბნება "ოცნების" პრემიერს, რომ "უსინდისოები" არა მათი შვილები, არამედ თავად კობახიძეა.
ამ ბავშვის ცოდვა როგორ უნდა ჩამოირეცხოს ბიძინა ივანიშვილმა? დიდი ცოდვა აწევს, გული მაქვს აჩუყებული და კობახიძეზე ვარ ძალიან გაბრაზებული. პირადად მინდა, კაბინეტში მივიდე მასთან და ვუთხრა, რომ ჩვენ შვილები არ არიან უსინდისოები, შენ ხარ უსინდისო. ჩვენი შვილები არიან პატრიოტები და ქვეყნის მოსიყვარულეები და თქვენ ხართ მოღალატეები, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გამო თბილისში ხვალ აქცია დაიგეგმა. მთვრობის ადმინისტრაციასთან ხვალ "ოცნების" პრემიერის განცხადებას გააპროტესტებენ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ სინდისის პატიმრებს "უსინდისო ქმედებების" გამო დაკავებულები უწოდა.
შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრების მშობლებმა დღეს გაზეთები ახმეტაში დაარიგეს, რის შემდეგაც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.