შეკვეთილში ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება - ვინ დგას პროექტის უკან?
შეკვეთილში, „პარაგრაფის“ მიმდებარედ, ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს, არსებული ინფორმაციით, "ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ახორციელებს.
გეგმის მიხედვით, ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს აშენდება 36 და 12 სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობები. სახელმწიფო სააგენტომ უკვე დაამტკიცა განაშენიანების პროექტი.
კორუფციის მკვლევარები დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, აცხადებენ, რომ პროექტი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული. მათივე ვარაუდით, ოლიგარქი შესაძლოა თავადაც აშენებდეს კომპლექსს ნამორაძის სახელით, რათა სანქციების გამო ქონება გადამალოს.
გამორიცხულია, რომ ეს მიწის ნაკვეთი შეეძინა საქართველოს მოქალაქეს ჩვეულებრივად, აუქციონის წესით. ეს, რა თქმა უნდა, იყო შეთანხმებული ივანიშვილთან და ასევე გარკვეული ინფორმაციები ადასტურებს იმას, რომ ეს მხოლოდ ნამორაძის ინტერესი არ არის. აქ არის ასევე ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. ახლა ბიძინა ივანიშვილი გადასულია მისი ქონების დამალვაზე გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების შემთხვევაში არ მოჰყვეს რომელიმე მისი ქონება სანქციების ქვეშ და ამ ყველაფერს ძალიან კარგად შეასრულებს ნამორაძე. ნამორაძე შეასრულებს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" აშოვნინა მას ძალიან დიდი ფული და შესაბამისად, ის არის "ქართული ოცნების" არა მარტო მორჩილი, არამედ "ქართულ ოცნებაში" მყოფი, მათი მხარდამჭერი, შავი ფულის სალაროს შემვსები, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე.
კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში მაფიოზური მმართველობაა, რომელიც რამდენიმე ადამიანის ფულის კეთებას ემსახურება.
ეს არის მაფიოზური მმართველობისთვის დამახასიათებელი ნოტები. ნოშიკო ნამორაძე ეს არის სინეკდოქე და მის უკან ჩანს, უბრალოდ, მაფიოზური მმართველობის ყველა ნიშანი. როდესაც კონკრეტული ბიზნესმენის სამშენებლო პროექტის გახსნას ესწრება მთელი მთავრობა და ტიპი მადლობას იხდის იმიტომ, რომ მთავარი თავმჯდომარის პირადი საკუთრების გვერდით დასდევს პატივი და მისცეს მშენებლობის წარმოების უფლება. გაქანებული ფულის კეთება და ფულის ჭრა მიდის, სრულიად ფარისევლურად, სრულიად თვალთმაქცურად და რეალურად, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას, - ამბობს ქეთევან ენუქიძე.