"ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - სინდისის პატიმრების მშობლებმა თელავში აქცია გამართეს
"ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!" - ამ შეძახილებით სინდისისი პატიმრებს ოჯახის წევრები თელავის მერიასთან მივიდნენ. მანამდე მათ სიმბოლური საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და თელავის აქციების სიმბოლოდ ქცეულ ვანო დემინაშვილს შეუერთდნენ, რომელიც ხშირად ქალაქში ერთი კაცის აქციას სიმბოლურად აწყობს.
მიხარია, როცა ვხედავ, რომ ხალხმრავლობაა. ხშირად მომიწია მარტო აქ ყოფნა, მაგრამ არა უშავს, ის ერთი კაციც ბევრ რამეს აკეთებს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ერთი კაცის პროტესტი არაფერია, ერთი კაციდან იწყება და მერე ხდება ათასი. ზვიადი და მერაბი ჰქვიათ ჩემს შვილებს და მე რუსეთის გარეუბანში ვცხოვრობ? არა, ეს ჩემთვის მიუღებელია. ვიდგები იქამდე, სანამ შემეძლება, - ამბობს ვანო დემინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დილიდან სინდისის პატიმრების მშობლებმა ახმეტაში ის გაზეთები დაარიგეს, სადაც მათი შვილების წერილებია დაბეჭდილი. ამის შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც. მივიდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზეც.