სინდისის 8 პატიმრის საქმე - ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმინოშვილისა და გოშაძის წინააღმდეგ მოპოვებული ვიდეო დამონტაჟებულია

18.08.25 13:26
სინდისის 8 პატიმრის საქმე - ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმინოშვილისა და გოშაძის წინააღმდეგ მოპოვებული ვიდეო დამონტაჟებულია

ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ მოპოვებული ვიდეოკადრები დამონტაჟებულია-დასკვნა ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ დადო. 

ადვოკატებმა მოსამართლეს დოკუმენტი წარუდგინეს და მოითხოვეს, პროკურატურის ე.წ. მტკიცებულება არ იქნას გამოყენებული ახალგაზრდების წინააღმდეგ. მონტაჟის კვალი რამდენიმე წუთიან მასალაში რამდენჯერმეა დაფიქსირებული.

სწორედ ამ კადრების საფუძველზე აცხადებს საგამოძიებო უწყება, რომ მიმინოშვილი და გოშაძე ჯგუფურ ძალადობაში იყვნენ ჩართულნი.

ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში ბრლადების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენენ. პროკურორი ქრონოლოგიურად ჰყვება, 8 ბრალდებულიდან რომელმა რა უკანონო ქმედება ჩაიდინა. 

ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებს, სწორედ იმას, რაზედაც თავად საუბრობს.

მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი - საქართველოს პარლამენტი. დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა, ქონება.
ზემოაღნიშნულ მოქმედებებს აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო ჯგუფური ძალადობის გეგმა. განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა.

მან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს დაავალა დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთები, ფარები. მოუწოდა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის გაეგრძელებინათ პიროტექნიკისა და ქვების გამოყენება და ეს ყველაფერი განეხორციელებინათ ორგანიზებულად

ასევე ვეფხია კასრაძე და კაძელაშვილი ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის გეგმას. ახალ ლოკაციებს, თანხმდებოდნენ ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებაზე. ისნაფ ალიევი ქვას, ქვის ფილას და იქვე მოძიებულ ნივთებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. 2024 წლის პირველ დეკემბერს თორნიკე გოშაძე ქვას და შუშის ბოთლს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით
2024 წლის 29-30 ნოემბერს და ორ დეკემბერს, გიორგი გორგაძე ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. 2024 წლის 29-30 ნოემბერს ირაკლი მიმინოშვილი ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით და ახორციელებდა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, 
- განაცხადა პროკურორმა.

პროკურორი სასამართლოში გამოკითხული მოწმეების ჩვენებებს განიხილავს და აცხადებს, რომ მოწმე პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს სამედიცინო დოკუმენტაციაც ადასტურებს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები