ზინოვკინას საქმის ფიგურანტი პოლიციელი მანქანიდან ქუჩაში სროლისთვის მაისში დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს - "პუბლიკა"
პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი, რომელიც სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს, მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ინფორმაციას პროკურატურაშიც ადასტურებენ. ირკვევა, რომ ირაკლი მუხათგვერდელმა იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 მაისს, თბილისში, ბრალდებული გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა," - განუცხადეს "პუბლიკას" პროკურატურაში.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას - ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ირაკლი მუხათგვერდელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
დღეის მდგომარეობით საქმე განიხილება არსებითად," - განაცხადეს პროკურატურაში.
"პუბლიკას" მიერ გავრცელებული სასამართლო თარიღების მიხედვით, ხულიგნობაში ბრალდებული პოლიციელს პატიმრობა რამდენიმე დღეში გირაოთი შეეცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით:
- 25 მაისს მუხადგვერდელი დააკავეს;
- 27 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა;
- 30 ივნისს გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში "პუბლიკას" განუცხადეს, რომ მუხათგვერდელი აღნიშნული ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის და რომ ის შსს-ში აღარ მუშაობს.
ცნობისთვის, პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ სასამართლოში განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე პოლიციის თანამშრომელმა, ირაკლი მუხათგვერდელმა იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.