ჯარიმა თუ პატიმრობა - რუსთაველზე დაკავებული აქტივისტები განაჩენის მოლოდინში

19.08.25 15:30
ჯარიმა თუ პატიმრობა - რუსთაველზე დაკავებული აქტივისტები განაჩენის მოლოდინში

რუსთაველზე დაკავებული აქტივისტები- ლადო ბეროზაშვილი და ზურა მენთეშაშვილი იზოლატორიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.

ადვოკატები პროცესის ჩანიშვნას  ელოდებიან. ორივე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სწორედ დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე - დააჯარიმებს თუ პატიმრობაში დატოვებს მათ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი-ბეროზაშვილი 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი და პრაქტიკულად ოქროს მოწმეა. სწორედ მან იპოვა დანა, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერ ბექა გოცირიძეს ჯიბიდან ამოუვარდა.

რუსთაველზე დაკავებული ორივე პირი გადმოყვანილია სასამართლოში, ახლა ველოდებით, როდის განაწილდება საქმე, შემოვა, დარეგისტრირდება და გაიმართება მათი სამართალდარღვევის საქმის განხილვა. ამ ეტაპზე, რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ დაკავება უკანონოა, რეალურად მათი იზოლატორში მოთავსებაც და 10-15 საათით დაყოვნებაც არ არის კანონიერი და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო კანონიერად და სწორად განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და არ დააკისრებს პასუხისმგებლობას, - განაცხადა იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა.

აქტივისტები 17 აგვისტოს ღამეს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გადაკეტილი გამზირი გაიხსნა, აქციის მონაწილეები კი ტროტუარის მიმდებარედ იდგნენ. 

ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.

მსგავსი სიახლეები