მთავარ მოძალადეს ზინოვკინას საქმეში, ირაკლი მუხათგვერდელს გირაო აქვს შეფარდებული და სინდისის პატიმრები უკანონოდ ჰყავთ საპყრობილეში - შოთა თუთბერიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ისაუბრა და თქვა, რომ უსამართლობაა, როცა ზინოვკინას საქმეში "მთავარ მოძალადეს", საუბარია პოლიციელ ირაკლი მუხადგვერდელზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, გირაო აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ამ ფონზე სინდისის პატიმრები უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი საპატიმროებში.
ბოლო დღეებში, ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად, რისთვის დიდ მადლობას ვუხდით მათ, გახდა ცნობილი ფაქტი, რომელსაც საგანგებოდ მალავდა პროკურატურა და შსს-ც. მთავარი მოძალადე ანასტასია ზინოვკინას საქმეში, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით და მათ შორის სექსუალური ხასიათის მუქარებით - ირაკლი მუხათგვერდელი ბრალდებულია სისხლის სამართლის საქმეზე, როცა გმირთა მოედანზე, ქინგ-დევიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომობილიდან ისროდა. ქუჩაში გადაადგილების დროს და როგორც გაირკვა, სიმბოლურია, რომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით აქვს შეფარდებული გირაო და არა პატიმრობა, ანუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოძალადე მუხათგვერდელის და უკვე პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის, იარაღის გამოყენებაში ბრალდებულის მიერ შექმნილი რისკი უფრო დაბალი იყო, ვიდრე სინდისის პატიმრების, მათი ვინ უდანაშაულოდ ჰყავთ გამოკეტილი საპრყრობილეში", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
- პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი, რომელიც სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს, მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.