ირაკლი მუხადგვერდელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, ზინოვკინა-გრიბულის საქმეს ცნობად დაერთო
სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, აწ უკვე ბრალდებული პოლიციელის, ირაკლი მუხადგვერდელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას, ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეს ცნობად დაურთავენ - ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ობიექტური სასამართლოს პირობებში, ირაკლი მუხადგვერდელის ჩვენებას სისხლის სამართლის საქმიდან ამორიცხავენ, რადგან ის “არაკეთილსინდისიერი პოლიციელია“.
მოსამართლეს საქმისთვის არ დაურთავს წარდგენილი მტკიცებულებები, ეს არ დაერთვება როგორც მტკიცებულება, უბრალოდ მოსამართლე,ბუნებრივია, მისთვის გადაცემულ განცხადებას უკან ვერ დააბრუნებდა, ამიტომ ჩვენს მიერ წარდგენილი მასალები საქმეს დაერთვება როგორც ცნობა, მას ეძახიან ცნობის სახით დართვას, მაგრამ მას საქმის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა ნაკლებად შეუძლია, ნებისმიერი, ნორმალური მართლმსაჯულების პირობებში, ცხადია, რომ მთავარი მოწმე, რომელსაც ბრალდებული პირდაპირ ადანაშაულებდა სასამართლო პროცესზე, მან ამოიცნო მოძალადე, ადამიანი, რომელიც მის წინაარმდეგ, მათ შორის სექსუალური ხასიათის მუქარებს ახორციელებდა, ცხადია, ნებისმიერი სასამართლოსთვის ეს იქნებოდა ამ მოწმის დისკრედიტაციის ავტომატური საფუძველი. როგორ შეიძლება ვითომ პოლიციელი, სინამდვილეში პოლიციელის ფორმაში ჩაცმული კრიმინალი, რომელიც გმირთა მოედანზე, ხალხმრავალ ადგილას, მოძრავი მანქანიდან ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, როგორ შეიძლება ჩაითვალოს სანდო მოწმედ, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს და მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. გამოძების ინფრომაციით, მან იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
- მუხადგვერდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
პროკურატურის ინფორმაციით, მას თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რაც სასამართლომ გაიზიარა და ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ზინოვკინა ირაკლი მუხადგვერდელს სექსუალურ შევიწროვებასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.