მოსამართლე ენუქიძემ ზურა მენთეშაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმა, ბეროზიშვილის პროცესი კი გადადო
რუსთაველზე დაკავებული აქტივისტებიდან ერთ-ერთ, ზურა მენთეშაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 4 000 ლარით დააჯარიმა. მასთან ერთად დაკავებული ლადო ბეროზიშვილის პროცესი კი გადაიდო.
სასამართლო სხდომაზე მენთეშაშვილი მოსამართლეს უხსნიდა, რომ კანონი არ დაურღვევია და არც ჯარიმის გადახდის საშუალება აქვს, თუმცა ნინო ენუქიძემ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა.
რაც შეეხება ბეროზაშვილს, ის 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი და პრაქტიკულად ოქროს მოწმეა. სწორედ მან იპოვა დანა, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერ ბექა გოცირიძეს ჯიბიდან ამოუვარდა.
აქტივისტები 17 აგვისტოს ღამეს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც გადაკეტილი გამზირი გაიხსნა, აქციის მონაწილეები კი ტროტუარის მიმდებარედ იდგნენ.
ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) ედავებიან.