ცხოველთა უფლებადამცველებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქცია გამართეს
ცხოველთა უფლებადამცველებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქცია გამართეს. მოქალაქეებმა გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ ახალი საპილოტო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქუჩაში აყვანილ ძაღლებს უნდა ჩაუტარდეთ სტერილიზაცია და ჩიპირება.
აქტივისტების თქმით, პროცესი ბუნდოვანია და ბევრ პრობლემას შეიცავს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ძაღლების დაჭერასა და გადაყვანას კვალიფიციური და გადამზადებული ადამიანები არ ახორციელებენ, რაც ცხოველების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. არსებობენ ეჭვები, რომ ოთხფეხა ბინადრებს კლავენ.
პროტესტის მონაწილეები ასევე კითხვის ნიშნებს სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 4 მილიონი ლარი.
აქციის მონაწილეები სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა პასუხისმგებელი პირები მათთან შესახვედრად შენობიდან არ გამოსულან.