აქ წყდება 11 ოჯახის ბედი, მათ შორის ტერიშვილის ხანშიშესული დედის, გთხოვთ, დარბაზიდან გაათავისუფლოთ ეს ადამიანები - ჩომახაშვილი მოსამართლეს
აქ წყდება 11 ოჯახის ბედი, მათ შორის ტერიშვილის ხანშიშესული დედის, გთხოვთა მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და დარბაზიდან გათავისუფლოთ ეს ადამიანები - ასე მიმართა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რიტაც თავისი საბოლოო სიტყვა დაასრულა.
ჩომახაშვილის ამ სიტყვებს სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრების ცრემლები მოჰყვა.
დასკვნითი სიტყვის შემაჯამებელი აბზაცში, ადვოკატმა სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ 11 პირის საქმე "სისხლის სამართლის პოლიტიკური დევნაა და სხვა არაფერი და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამომავლოდ არავის გაუჩნდეს სურვილი, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას რუსული გავლენისგან".
„ეს არის პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ სამომავლოდ არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დაიცვას რუსული გავლენისგან... [მაგალითად მოჰყავს გავრილოვის ღამე, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები]
როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის პრინციპზე და პოლიციაზე, შეხედეთ მათ, რომლებიც აქ მოდიან და ამბობენ არაფერი დაგვინახავსო, გადაახვიეთ და ნახეთ, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ მოქალაქეებს...
ისინი, ვინც ძალადობენ მოქალაქეებზე, პოლიციელები არ არიან, ისინი არიან ამორალური ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას, იმსახურებენ ციხეში ყოფნას. აქ კი თქვენ გელოდებათ 11 უდანაშაულო ადამიანი...
როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც ზის პოლიციელი, რომელიც აზიანებდა მოქალაქეებს, შეიძლება თქვენს მეგობრებსაც, მინახავს სასამათლოს თანამშრომლები იქ აქციაზე და თუ ამ ადამიანებს გაამტყუნებთ, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
...აქ წყდება 11 ოჯახის ბედი, მათ შორის ხანშიშესული დედის, რომელიც ტერიშვილს ჰყავს და ყველაფერი ეს უნდა მიიღოთ მხედველობაში..
გთხოვთ მიღოთ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს არ იქნება არც გადაკვალიფიცირება, არც სასჯელის მოკლება, ეს იქნება მათი უდანაშაულოდ ცნობა და დარბაზიდან გათავისუფლება", - ასე დააასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა, ირაკლი ჩომახაშვილმა. (რადიო თავისუფლება)
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.