ცამდე მართლები ვართ! უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ - სივაკოვისა და კუხარჩუკის ადვოკატი მოსამართლეს

20.08.25 17:13
ცამდე მართლები ვართ! უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ - სივაკოვისა და კუხარჩუკის ადვოკატი მოსამართლეს

ცამდე მართლები ვართ! უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ! - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმრების, სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა, ბექა ხახობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ხოხობაშვილმა, რომელმაც დღეს სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სასამართლოს პირდაპრი უთxრა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ სერგეი კუხარჩუკთან მიმართებით "საქმე შეკერა“.

ადვოკატის განმარტებით, არც კუხარჩუკის და არც სივაკოვის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულება არ აქვს.

„ბრალდებამ სერგეი კუხარჩუკთან მიმართებით საქმე პირდაპირ „შეკერა“. მას ერთ დღეში „შეუკერეს“ საქმე… ბრალდებას არ აქვს სინდისის პატიმრების მიმართ დანაშაულის მამხილებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი. ადამიანი, რომელიც საუბრობდა იმას, რომ პოლიციის მიმართ ისროდნენ საგნებს, ის ადამიანი ბრალდების მხარემ აქ არ მოიყვანა. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ბრალდების მხარეს ჩავარდნა აქვს… ეს უდანაშაულო ხალხი აქ გაურკვეველ ვითარებაში მოხვდა და მთელი სახელმწიფო მანქანა მათ წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ხელისუფლების ჩარევას, ირაკლი კობახიძე ცდილობს დამაკნინებლად მოიხსენიოს სინდისის პატიმრები. სახელმწიფოს წარმომადგენელი პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ბატონო მოსამართლევ, ეს მიჩენს აზრს, რომ თქვენ ამ საქმეში არ ხართ ობიექტურად ჩართული და ზეგავლენის ქვეშ ხართ, ეს ზეგავლენა აღიქმება სასამართლოს დონეზეც…

თქვენი მოქმედებები სასამართლოში არ იყო ობიექტური, თქვენი წინა გადაწყვეტილებები იყო უკანონო! თქვენი სანდოობა ეჭვქვეშ არის დაყენებული.

უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, რომ უდანაშაულოდ იქნან ცნობილი! ჩვენ მართლები ვართ, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ნებისმიერ ადამიანთან. ჩვენ ვართ ცამდე მართლები საქმეში“, - განაცხადა ბექა ხახობაშვილმა. (ipn)

ადვოკატმა ასევე ისაუბრა იმ პირებზე, რომლებიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო როგორც 11 პირის საქმეში, ისე 8 პირის საქმეში. ადვოკატმა აღნიშნულს კომიკური უწოდა და ალეგორიად მხატვრული ფილმი „ცისფერი მთები“ მოიყვანა.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები