ადვოკატების ემოციური სიტყვა და სინდისის პატიმრების ახლობლების ცრემლები სხდომათა დარბაზში - როდის გამოცხადდება განაჩენი 11 პირის საქმეზე?
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ჩიხშია - დღეს, სასამართლოს წინაშე გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა პროკურატურას საქმე ჩამოუშალა. დგინდება რომ 53 წლის ტაქსის მძღოლის საქმეზე პროკურატურამ ვერ იპოვა ვერცერთი დაზარალებული პოლიციელი ან სპეცრაზმელი, რომელიც იტყოდა, რომ აქციაზე ტერიშვილის ნასროლი საგანი მოხვდა, თუმცა სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულს მაინც ჯგუფურ ძალადობას ედავება და მის დაპატიმრებას ითხოვს.
სასამართლოს ირაკლი ჩომახაშვილმა დღეს სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამრთლოს პრაქტიკა გააცნო. რითაც დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ საქმე ორგანიზებულ ძალადობასთან არ გვქონია და დაკავებულებს ერთმანეთთან წარსულში არაფერი აკავშირებდათ.
ტერიშვილის ადვოკატის გარდა ნინო გალუსტაშვილმა დღეს მოუსმინა სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ადვოკატსაც. საქმე შეკერილია - ეს სიტყვები უთხრა დღეს ბექა ხოხობაშვილმა სასამართლოს.
სინდისის 11-ი პატიმრის საქმის განხილვა ფინალშია. რჩება სულ რამდენიმე სხდომა და მოსამართლე სათათბიროდ გავა. დღევანდელ პროცესზე გალუსტაშვილმა პროკურორების დასკვნითი სიტყვაც მოსმინა, თუმცა ბრალდების მხარემ ახალი ვერაფერი თქვა, მათ მხოლოდ ბრალის დადგენილება ჩაიკითხეს მტკიცებით ფორმაში.