"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - თბილისი ფანრების მარშისთვის ემზადება
სინათლის უკანასკნელი სხივის, თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად, საქართველოს პროევროპელი საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთიანდება. 21 აგვისტოს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანი იმ ადამიანების შეკრების ადგილი იქნება, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, რომ სიბნელე დიქტატურისა და ინფორმაციული ვაკუუმის სიმბოლოა, დამოუკიდებელი მედია კი სინათლეა, რომელიც არ უნდა ჩაქრეს. სწორედ ამიტომ, ზუსტად 24 საათში, თავისუფალი ჟურნალისტები, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გზას სიმბოლურად ფარნებით გაანათებენ.
მედიის შემზღუდავი კანონები ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, თუმცა „რუსული კანონი“ და „ფარას“ ოცნებისეული ვერსია დონორების მოზიდვას იმდენად ზღუდავს, რომ ონლაინ მედიებს სხვა სირთულეებთან ერთად, ბრძოლა გადარჩენისთვისაც უწევთ. საზოგადოებისთვის ამის საჩვენებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - გასულ კვირას 22 მედიასაშუალების ვებგვერდი რამდენიმე საათით გაითიშა. შემდეგი ეტაპი სწორედ აქცია-მსვლელობაა. თავისუფალი ჟურნალისტების მხარდამჭერი შეძახილები ამჯერად დედაქალაქის ქუჩებში გაჟღერდება.