"გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით" - კუპრაშვილის უწყებიდან წერილი EPRC-მაც მიიღო

21.08.25 10:32
"გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით" - კუპრაშვილის უწყებიდან წერილი EPRC-მაც მიიღო

რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შემდეგი სამიზნე "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" აღმოჩნდა - როგორც EPRC წერს, ანტიკორუფციული ბიურო მათ ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და სთხოვს განმარტებას, რატომ არ რეგისტრირდებიან აგენტებად.

ანტიკორუფციული ბიუროს წერილი EPRC-მ 20 აგვისტოს მიიღო.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად - ვკითულობთ გავლენიანი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს", - ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

წერილი, რომელშიც რაჟდენ კუპრაშვილის ორგანიზაცია ითხოვს განმარტებებს, რატომ არ რეგისტრირდებიან უცხოური გავლენის აგენტებად ქართული NGO-ები, 15 აგვისტოს უკვე მიიღო სხვა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ