ნინო დათაშვილის საქმე - რა შუამდგომლობას დააყენებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის პროცესი იწყება. დაკავებული პედაგოგის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.
სინდისის პატიმრის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აცილების შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი არის სასამართლოს თანამშრომელი.
უფლებადამცველის განცხადებით, როდესაც არსებობს კავშირები სასამართლოსა და რომელიმე მხარეს შორის, სავალდებულოა რომ სასამართლომ აიცილოს აღნიშნული საქმე.
ამასთან თამარ გაბოძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.
დავიწყებთ სასამართლოს აცილების შუამდგომლობით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო სხდომის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. რამდენადაც ეს არის სხვა მოსამართლე, საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, ჩვენ გვექნება იგივე შუამდგომლობა, რადგან ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, სასამართლოს მიმართ არსებობს ობიექტური და რეალური კითხვის ნიშნები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო იხილავს ისეთ საქმეს, სადაც ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი არის სასამართლოს თანამშრომელი და მაშინ როდესაც არსებობს კავშირები სასამართლოსა და რომელიმე მხარეს შორის, სავალდებულოა რომ სასამართლომ აიცილოს აღნიშნული საქმე.
წარვადგენთ დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომლებიც წინა სასამართლო სხდომის მერე მოვიპოვეთ, ასევე მხარეები ვიტყვით შესავალ სიტყვებს და სავარაუდოდ შემდეგი პროცესიდან დაიწყება მოწმეების გამოკითხვა.
ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო ადამიანი, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. უკანონოა ყველა პატიმრობა, რომლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ნინო დათაშვილი გახდა მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
რაც შეეხება ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ამ დრომდე უტარდება კვლევები," - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.